ბითაძე: შარშან და წელსაც გამოვავლინეთ შემთხვევები, როდესაც სანიაღვრე, დაბინძურებული წყლები ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში, ამ კუთხით ინსპექტირება კვლავ გაგრძელდება

573

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, შარშან და წელსაც გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაბინძურებული წყალი თბილისის ზღვაში ჩაედინებოდა. როგორც მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით ინსპექტირება კვლავ გაგრძელდება.

„მთელ მსოფლიოში არსებობს წყლის სანიტარული დაცვის წესები, წყლის დაცვა, როგორც სასმელი წყლის, ასევე სარეკრეაციო თვალსაზრისით. არსებობს სარეკრეაციო დაცვის ზონები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე გაუქმდა რიგი რეგულაციები, რომელიც წყლის სანიტარული დაცვის წესებს ეხებოდა, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია და სამშენებლო სამუშაობი ისეთ ტერიტორიებზე ტარდებოდა, სადაც წყალდაცვითი ზოლები იყო. შესაბამისად, გვევალებოდა, რომ განგვესაზღვრა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზოლები, ჩატარდა ფართომასშტაბიანი ჰიდროლოგიური კვლევა დარგის ექსპერტების მიერ და განისაზღვრა. ეს დატანილია ელექტრონულ რუკაზე, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ვამტკიცებთ წესებს, რომლის მიხედვითაც ზუსტად განისაზღვრება, თუ რა კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს იმ ტერიტორიებზე საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყალარინების სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით, სადაც სამშენებლო ტერიტორიებია გამოყოფილი. ხოლო იქ, სადაც სანიტარული დაცვის მკაცრი ტერიტორიებია განსაზღვრული, იქ სამშენებლო სამუშაოები არც ახლა შეიძლება და არც მომავალში იქნება დასაშვები“,- განაცხადა ბითაძემ.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც სანიტარული დაცვის წესები ადგენს, ეს მცურავ საშუალებებთან დაკავშირებით გარკვეულ აკრძალვებს ეხება.

„ჩვენ შარშან და წელსაც გამოვავლინეთ გარკვეული შემთხვევები, როდესაც სანიაღვრე, დაბინძურებული წყლები ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში, ამ კუთხით ინსპექტირება კვლავ გაგრძელდება და თითოეულ ადამიანს გარდა იმისა, რომ კანონმდებლობით პასუხისმგებლობა დაეკისრება, მოეთხოვება, რომ „საქაჩები“ მოაწყოს იმისთვის, რომ დაბინძურებული წყალი თბილისის ზღვაში არ მოხვდეს“,-განაცხადა ბითაძემ.