თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება და ტარიფი უბნების მიხედვით განსხვავებული იქნება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„10 სექტემბრიდან, პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი. ამ ქუჩებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს საშუალება მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიმართოს საინფორმაციო ჯიხურებს და თუ სურვილი არ აქვთ, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეც არის განთავსებული და არსებობს ასევე, აპლიკაცია“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ განმარტა, ვისთვის იქნება პარკირება უფასო.
„ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს საკუთარი ავტომობილები საცხოვრებელი ზონების მიხედვით და მათთვის პარკირება იქნება უფასო. პარკირებით სარგებლობა უფასო იქნება შშმ პირებისთვის და ასევე, ელექტრო მანქანებისთვის. ხოლო სტუმრებისთვის, რომლებიც სხვა რაიონებიდან მოდიან, მათთვის იქნება ფასიანი. რაიონების და უბნების, ქუჩების მიხედვით ტარიფი იქნება განსხვავებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.