თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ჭკვიანი შუქნიშნების“ სისტემა დედაქალაქში საცობების პრობლემას ნაწილობრივ განტვირთავს.
როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი კომპანია, რომლისგანაც მერია ჭკვიან შუქნიშნებს, კამერებსა და კონტროლერებს შეისყიდის.
„უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებით მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად თბილისის მასშტაბით დაინერგება ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი გახლავთ შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები, რომელიც დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიან მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული მუშაობა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევამციროთ გზებზე საცობების რაოდენობა ასევე, შეუფერხებლად მოხდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო მომსახურების ავტომობილების გადაადგილება. ამ მიმართულებით ჩვენ გვეხმარება გერმანიის მთავრობა და ამ პროექტის შემუშავებაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაში მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კომპანია. შუქნიშნებზე, კამერებსა და კონტროლერებზე უკვე გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა, უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია“,-განაცხადა კალაძემ.