ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, 10 მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, ეს მეტროსადგურებია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“.
„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან,სადაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 10 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოგვყოფს თანხებს იმისათვის, რომ ეს სამუშაოები ვაწარმოოთ და ჩავატაროთ რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე იქნება პროექტები და შევძლებთ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს მეტროსადგურ „გოცირიძეში“ და ასევე, იგეგმება მეტროსადგურების – „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ რეაბილიტაცია.
„მეტროსადგურ „გოცირიძეში“ დაიწყო პროექტის განხორციელება, რეაბილიტაცია დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები. რაც შეეხება მეტროსადგურებს – „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, აქ გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები წარმოადგინეს და ნოემბრისთვის უნდა ჩაგვაბარონ სრული პროექტი. ამის შემდეგ უკვე გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ სამუშაოების განხორციელებაზე და რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას ამ კონკრეტული ორი სადგურის რეაბილიტაციას“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასევე, მიმდინარეობს ვაგონების განახლება და შესყიდვა.
„დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება-რეაბილიტაციის პროგრამა. არსებული ვაგონები, რომლის რეაბილიტაციაც არის შესაძლებელი, ჩვენ უკვე ჩაშვებული გვაქვს და წლის ბოლოსთვის განახლებული შემადგენლობები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. თუმცა, არის შემადგენლობის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.