ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის კუთხით დეტალურად არის გაწერილი, ის მიემართება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ლაბორატორიული სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირებების შესაძლებლობის გაძლიერებას ქვეყანაში და ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების გაძლიერებას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კოვიდპანდემიის მართვაში, რადგან ჩვენ უკვე ველოდებით გაზრდილ მონაცემებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ევროკომისიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების რვა პროგრამა შეათანხმა. საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებსა და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.