დავით ჭიჭინაძე: 200-300 ლარიანი პაკეტების შეთავაზება და ამ თანხების გამოყოფა ჰგონიათ კრიზისთან ბრძოლა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ იმუშავებს

667

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ხალხს 200-300 ლარს ჰპირდება.

მან მთავრობის მიერ დაანონსებული მოსახლეობის სოციალური დახმარების პაკეტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს „მთავრობას ჩემოდნები აქვს ჩალაგებული და სადღაც გაქცევას აპირებს“.

„კარანტინის გამოცხადების დღიდან ვაფრთხილებდი პრემიერ გახარიას, რომ ქვეყანას ეკონომიკური პაკეტი სჭირდებოდა, რომ ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 8-10 %, რომ „ოცნების“ ეკონომიკური გუნდის ოპტიმისტური ბოდვა და მათი უგუნური ქმედებები ჩვენს ეკონომიკას მხოლოდ დაანგრევდა. თუმცა, „ოცნების“ მთავრობა ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას ისევ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ხალხს დახმარების სახით ფულს ურიგებენ.

200-300 ლარიანი პაკეტების შეთავაზება და ამ თანხების გამოყოფა ჰგონიათ კრიზისთან ბრძოლა, რაც ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე იმუშავებს მძიმედ. გამოუმუშავებელი, არა ეკონომიკიდან შემოსული ფულის დარიგება მხოლოდ ფასების ზრდას იწვევს. მოკლედ, არავინ ჰყავთ გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი არის აბსოლუტურად სხვა ფენომენი და ეკონომიკური კრიზისი სულ სხვა. ეკონომიკური კრიზისი იწვევს სამუშაო ადგილების განადგურებას, ფინანსური კრიზისი კი იწვევს ვალის გადაუხდელობას.

დღეს საქართველოში, ტურისტული ბიზნესი, მომსახურების სხვადასხვა სფეროები პრაქტიკულად განწირულია და თუ ამას დროულად არ დაუპირისპირდება სახელმწიფოს ქმედითი პოლიტიკა, თუ არ იქნება რეზერვები მიმართული, როგორ შეიქმნას ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები, როგორ განვითარდეს სხვა მიმართულების ბიზნესები, მაშინ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე კრიზისში აღმოჩნდება. ეს ფულის დარიგება კი, კიდევ უფრო დიდ გაუფასურებას გამოიწვევს ქვეყანაში და მეტს არაფერს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.