კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა – ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს, ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თელავში, ერეკლეს სასახლის ეზოში, ამომრჩევლისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ომიანობის ჟამს კახეთი ფარივით იცავდა საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლებისგან, მშვიდობიანობის ჟამს კი პურს, ღვინოსა და ლხინს არ აკლებდა ქვეყანას. კალაძის თქმით, „ყველაზე საოცარი და მაგარი ის არის, რომ ამის სურვილს და მზაობას, დღემდე კითხულობ თითოეული კახელი კაცის თვალებში“.
„ვერავითარმა ძნელბედობამ ვერ შეუცვალა კახელებს ბუნება, ვერ ააღებინა ხელი საკუთარი ცხოვრების წესზე, სამშობლოს ერთგულებაზე, რადგან კახელი ადამიანი ძლიერ ფესვზე დგას, ფესვზე, რომელიც კიდევ ბევრ ეპოქას გამოიცვლის, მაგრამ თავის ბუნებას – არასდროს, რადგან ეს ის არის, რითიც აქამდე მოსულა, ეს არის ის, რაც აწურინებს კახელს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს და ეს ის არის, რითაც მთელი საქართველო ვამაყობთ. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც უსამართლობამ, ხალხის აბუჩად აგდებამ და დამცირებამ, ყველა წყობიდან გამოგვიყვანა; როდესაც ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და როდესაც კახელს ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა. მაშინ ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ასეც მოხდა, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან, სხვა რეგიონებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჩვენ ერთად შევძელით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა, ვაზის გაჩეხვის ნაცვლად, ვაზის გაშენებისთვის შეგვეწყო ხელი. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები აამოქმედა და ერთად შევცვალეთ ბევრი რამ უკეთესობისკენ. ამის დასტურია ახალი ღვინის ქარხნები, ჰექტრობით გაშენებული ახალი ვენახები ახალი სასტუმროები, რომლებიც კახელმა ხალხმა თავისი დაუზარელი შრომით და ხშირ შემთხვევაში, სწორედ სახელმწიფოს თანადგომით და თანადაფინანსებით შექმნა და რომლისკენაც არა მხოლოდ მთელი თბილისი და საქართველო მოისწრაფის, არამედ უკვე თითქმის მთელს მსოფლიოშიც გაითქვა სახელი. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად და იდეალურად არ არის, ამის ილუზია არავის არ აქვს, ქვეყანაში გვაქვს პრობლემები, გამოწვევები, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. დამერწმუნეთ, ამ გამოწვევებს, თქვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ. კახეთი, ძალიან მალე, იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო ლაღი და კიდევ უფრო მდიდარი მხარე და ამას, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს ირაკლი ქადაგიშვილი კახეთში თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პოლიტიკურ თანამდებობები 1 აგვისტოს დატოვეს. დღეს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.