ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, არ იმსახურებს პოლიტიკაში დარჩენას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ის დიდი ტკივილი და უბედურება, რომელიც „სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას ვერ აარიდა“.
,,ღირსეული მომავალი არ იქმნება ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ, ის იქმნება ქართველ ხალხთან ერთად. 2012 წელს ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს, ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა. ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთე იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დადგეს იმ განსაცდელის წინაშე, რომელიც 12 წლის წინ ერთად გამოვცადეთ. 2008 წლის აგვისტოს ომი არის ის დიდი ტკივილი და უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი ადამიანი, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, არ იმსახურებს პოლიტიკაში დარჩენას,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.