დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იქნა განხილული.
შეხვედრაზე პროექტის ავტორებმა შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის შესახებ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს. ამასთანავე, ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას საშუალება მიეცა, პროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინა.
შეხვედრას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და პროექტის ავტორი, კომპანია LMC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის მერიის დაკვეთით, ბრიტანულმა კომპანიამ – CBA Studios, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი დაამუშავა და პარკის სამშენებლო სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.