გიდების მხარდასაჭერად აჭარაში ახალი პროექტი იწყება

452

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას იწყებს, რაც ტრენინგებს, ინფოტურებსა და სხვადასხვა აქტივობებში მათ ჩართულობას ითვალისწინებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პროექტების ნაწილს, დეპარტამენტი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტის პირველ ეტაპზე გიდებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე ჩაუტარდათ ტრენინგი, რაც მათ უსაფრთხოდ ტურების ჩატარებაში დაეხმარება. მეორე ეტაპზე კი მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამა ამოქმედდება.

“ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ გიდებთან, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ პანდემიის პირობებში. ისინი საუბრობენ ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის არ ქონაზე, ასევე ფინანსურ დანაკარგსა და დროებითი დასაქმების აუცილებლობაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დონორ ორგანიზაციებთან, რათა შევძლოთ ჩვენი სექტორის მხარდაჭერა. ახალი პროგრამის დეტალებს გიდებს უახლოეს პერიოდში გავაცნობთ, რაც მათთვის ნამდვილად სასიხარულო ფაქტი იქნება”, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.