ბოლო 3 წლის განმავლობაში 7 ათასი თბილისელი დარჩა სახელმწიფოს დახმარების გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ მაცივარი ან ფერადი ტელევიზორი შეიძინეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები არ დასრულდება მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება.
“თბილისში ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად ელოდება სახელმწიფოს დახმარებას. დღეს არსებობს ძალიან მახინჯი პოლიტიკა სოციალურად დაუცველთა მიმართ – სოციალური აგენტები შეგნებულად უზრდიან ქულებს მოსახლეობას და შესაბამისად, მათ აკლდებათ ან უუქმდებათ სახელმწიფოს დახმარება. ეს არ არის აგენტების ბრალი, ეს არის იმ მეთოდოლოგიის ბრალი, რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი მოსახლეობას ჰპირდება, რომ დედაქალქის მთავრობა ოქტომბერში შეიცვლება და სოციალურად დაუცველებს დამატებით 50 ლარიანი დახმარება დაენიშნება.
“ყველა სოციალურად დაუცველი პირი, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-მდეა, თბილისის მერიისგან მიიღებს დამატებით 50 ლარს. ასეთი დედაქალაქში 166 000 ადამიანია”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
მისი თქმით, თბილისის მერიის ბიუროკრატიული ხარჯის შემცირების შემთხვევაში დაიზოგება 100 მილიონი ლარი, რაც მთლიანად მოხმარდება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.
წყარო: ინტერპრესნიუსი