აჭარის მთავრობის თანამშრომელი მთავრობის წინააღდეგ. ავთანდილ ბოლქვაძე პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდა. აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში დასაქმებული ამტკიცებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მისი კადრი მიუღებელი განსახვევებული აზრის გამოა. ბოლქვაძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს. ამბობს,რომ მის მიმართ მიზანმიმართულ დევნას არჩილ ჩიქოვანი ახორციელებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, თუმცა, მოკვლევას მაინც დაიწყებენ. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელი უწყებას ღიად კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა ჟურნალსიტების წინაშე პერფორმანსი გამართა და განაცხადა, რომ მას დევნიან. ავთანდილ ბოლქვაძის მტკიცებით, კოლეგა მის საქმიანობას დაბალი ქულით აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ფულად ჟილდოს ვერ აიღებს. ირწმუნება, რომ როლანდ შარაშიძე აპარატის ყოფილი უფროსის და ახლა უკვე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის დირექტივას ასრულებს.
ავთანდილ ბოლქვაძეს მიაჩნია, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დევნიან. იგი ნაციონალური მოძრაობის მომხრეა და სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის მიმართ სიმპატიას არ მალავს. ბოლქვაძე მთავრობის აპარატის კიდევ ერთ თანამშრომელს ამხელს და ამტკიცებს, რომ ლაშა ხოზრევანიძე აჭარაში ტროლებისა და ბოტების ქარხანას ხელმძღვანელობს.
ავთანდილ ბოლქვაძის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ადრესატი. როლანდ შარაშიძე ჟურნალისტების კითხვებს გაექცა, თუმცა რეპლიკის სახით განაცხადა, რომ თანამშრომელის საქმიანობას დაბალი ქულებით არ აფასებს.
ავთანდილ ბოლქვაძის ბრალდება აჭარის მთავრობის აპარატშიც უსაფუძვლოდ მიაჩნიათ. ჯაბა სურმანიძის თქმით, თანამშრომელს იმ ქულათა რაოდენობით აფასებენ, რასაც იმსახურებს. აპარატის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფაქტზე მოკლვევა დაიწყება და გადაცდომის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება გატარდება.
ავთანდილ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის აპარატში 2011 წლიდან მუშაობს, იგი 2019 წელს არჩილ ჩიქოვანს უპირისპირდებოდა, რომელიც იმ დროისთვის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო.