ხულო-ზარზმის მეორე ლოტის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ,,სინოჰიდრო“ შეასრულებს

515

ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა. ამ ეტაპზე მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ 95 მილიონი ლარით ფინანსდება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ დაახლოებით 10 მილიონი ლარი მიიღო.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, რომელიც რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს.

განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს.