ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 739 589 ლარია.
გორის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
„პროექტის მიხედვით, მოეწყობა წყალსადენის ახალი სისტემა და თითოეულ ოჯახს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტინისხიდელებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ. სოფელში მცხოვრებ 600-მდე ოჯახს ინდივიდუალური ონკანი 40 წელზე მეტია არ ქონია.
მათ შორის 170-მდე ოჯახი 10 წელია საუბნო ონკანებით სარგებლობს, რომლების საშუალებითაც წყალს დღეგამოშვებით, მხოლოდ ერთი საათით იღებენ. გარდა ამისა, დღემდე ადგილობრივების ერთი ნაწილი ჭებით სარგებლობს, მეორე ნაწილი კი სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან და გორიდან ეზიდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.