პირველი დავალება, რაც მოგვცეს, ის იყო, რომ სოფელში სკრინინგი უნდა ჩაგვეტარებინა. როგორიც ექიმების ეკიპირებაა, ისეთი აღჭურვილობა მოგვიტანეს, ჩაგვაცვეს და ექიმებთან ერთად, მოსახლეობაში გავედით, – ასე იხსენებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის თემში მერის წარმომადგენლის თანაშემწე, მამუკა ბოლქვაძე პანდემიის დაწყების პირველ დღეებს. ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს სოფლებში მერების წარმომადგენლებს ბევრი ისეთი ფუნქცია დაეკისრათ, რაც მანამდე მათ უფლებამოსილებებში არ შედიოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ იმ ადამიანების შესახებ, ვინც მოსახლეობის დასახმარებლად პირველები მიდიოდნენ.
სიუჟეტი ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილობრივ თვითმმართველობებში გამოვლენილი კარგი პრაქტიკის მაგალითებზე მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, რომელიც ქართველ პარტნიორებს პანდემიის მართვაში ეხმარებოდა.
შეგახსენებთ, რომ GIZ, გერმანიის მთავრობის დავალებით, 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს. ორგანიზაცია პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში, ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ განვითარებას.