ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში წყალს, რომელსაც ადგილობრივები სასმელად იყენებენ ქვეწარმავლები მოჰყვება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მოსახლეობა ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესებას სთხოვს. რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთმა ადგილობრივმა, რამზან გორგიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს რომ ონკანში გველია გაჭედილი.
მისი თქმით, სოფელში წყალი დაბინძურებულია და ქვეწარმავლები და მწერებიც ხშირად მოჰყვება.
,,ერთ–ერთ თანასოფლელთან ორი დღის წინ დაწყდა წყალი, აღარ მოდიოდა, მოხსნეს ონკანი შეამოწმეს და შიგნით ქვეწარმავალი იყო გაჭედილი. ეს პირველი შემთხვევა არ არის.
ადრე წყლის გამანაწილებელ მილში გაიჭედა ვირთხა და სოფლის ნაწილს არ მიეწოდებოდა წყალი. ასევე სხვა ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სასმელ წყალს მოჰყვება ჭიები, ქვიშაზე აღარ მაქვს საუბარი. როცა წვიმიანი ამინდებია ტალახიანი წყალი მოდის’’,– განაცხადა რამზან გორგიშვილმა.
მოსახლეობის განცხადებით წყლის პრობლემა პანკისის ხეობის ყველა სოფელშია. მათივე თქმით, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყების მხრიდან მიღებული პირობის მიუხედავად წლებია მის მოგვარებაზე არავის უზრუნია.
,,წყლის პრობლემა ხეობის ყველა სოფელშია, თუმცა ომალოში წლებია ეს პრობლემაა და დიდი ხანია რაც წყლის ხარისხი დაბინძურებულია. მერიაში ყოველთვის საუბრობენ, რომ იგეგმება სათავე ნაგებობის შეკეთების სამუშაოები, მაგრამ დღემდე არაფერია გაკეთებული‘’,– განაცხადა რამზან გორგიშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, სოფელ ომალოს მოსახლეობის ნაწილს ტექნიკური, სასმელად უვარგისი წყალი, ნაწილს კი დასალევად ვარგისი წყალი მიეწოდება.
მისივე განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად შემუშავებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წყალმომარაგების მაგისტრალის, სადრენაჟე სისტემის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და სოფლის შიდა ქსელის გაკეთებას.
,,სოფელ ომალოს ნაწილს ტექნიკური წყალი მიეწოდება. იქ არანაირი სათავე ნაგებობის გაკეთებას აზრი არ აქვს. წყალი მექანიკურად იფილტრება და ის არ გამოიყენება სასმელად. ეს მოსახლეობამაც იცის. ვერ დავადასტურებ ქვეწარმავლების არსებობას წყალში.
სოფლის ნახევარს კი სასმელად სუფთა წყალი მიეწოდება. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ომალოს წყალმომარაგების სრული კომპლექტი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 872 000 ლარი.
უახლოეს პეროდში დაიწყება სამუშაოები და სოფელში მოხდება წყალმომარაგების მაგისტრალის, სადრენაჟე სისტემის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და სოფლის შიდა ქსაელის გაკეთება. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნება. პროექტი გაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ველოდებით დაფინანსებას’’,– განაცხადა ვანო ნასყიდაშვილმა.