გორში, ის ორგანიზაციები, რომლებმაც საიჯარო გადასახადი მერიას ვერ გადაუხადეს, ჯარიმებისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ თანხმობა საკრებულომ განაცხადა. ორგანიზაციებს (მათ შორის, ინდმეწარმეებს) კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაკისრებული პირგასამტეხელო ჩამოეწერებათ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საუბარია, დაახლოებით, 9053 ლარზე.
“საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოში შეჩერდა ეკონომიკური საქმიანობები, გარდა ადამიანის არსებობისათვის და ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო პროდუქციის რეალიზაციასთან და მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობისა. გორის მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს რიგი ხელშეკრულებები, რომლითაც მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობის უფლებით გაცემული აქვს სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისათვის. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირების მიერ, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდში, სარგებლობის უფლებისათვის გათვალისწინებული ქირის თანხის გადადხა მუნიციპალიტეტისათვის ვერ ხერხდებოდა, შესაბისად, აღნიშნულ პირებს ეკისრებოდათ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო,” – განაცხადეს საკრებულოში.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები 40 (ორმოცი) პირი გათავისუფლდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 2020 წლის 23 მარტიდან 2020 წლის 21 მაისამდე პერიოდში დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.