15 ივლისს, კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული სახლების ინფრასტრუქტურის აღსადგენად მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური რესურსი გამოიყო.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი სოფელ კონდოლში იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად, დაახლოებით 150 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. აღნიშნულ სოფელში არსებობდა ძველი გადახურვები და ამიტომ მიმდინარეობს თითქმის 90% დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისათვის, სახურავების სრული ამოცვლა. ძველი სახურავების რესურსი მთლიანად იყო ამოწურული, ეკოლოგიური თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული ე.წ.შიფერის გამოყენება. აქ გამოყენებული სამშენებლო მასალა, თუნუქი არის ძალიან ხარისხიანი. ვფიქრობ, რომ ეს მასშტაბური სამუშაოები როდესაც სოფელ კონდოლში დასრულდება, აქ მცხოვრები მოსახლეობა მრავალი ათეული წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება მყარად დაფარებული ჭერით. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება, ყველა იმ სოფელში, რომელიც სტიქიის შედეგად იქნა დაზიანებული, როგორც თელავის მუნიციპალიტეტში, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სოფელ კონდოლის მკვიდრის, იროდი ღაღვიშვილის განცხადებით, დაზიანებული სახლების აღსაწერად კომისიამ ეფექტურად იმუშავა.
„სოფელი კონდოლი სტიქიის შედეგად ძალიან დაზარალდა.მეორე დღესვე მოვიდა კომისია, იყო სწრაფი რეაგირება. ჩემი და ჩემი შვილების 3 საცხოვრებელი სახლი იყო დაზიანებული. სამივე სახლის სახურავი აღდგენილია, ძალიან მადლობელია მოსახლეობა და დიდ მადლობას იხდის ყველა” , – აღნიშნა სოფელი კონდოლის მკვიდრმა, იროდი ღაღვიშვილმა.