გორის მუნიციპალიტეტის შინდისის, ვარიანისა და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მესაკუთრეებს ყველა მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ დაურეგისტრირდებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გააცნეს.
სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვის გარეშე ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება) საკუთარი ინიციატივით და უფასოდ განახორციელებს.
“შედეგად ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, ზემო ხვითში, ქვემო ხვითში, შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, კოშკებში, ვარიანის მეურნეობაში, საქაშეთში, ახალდაბაში, არაშენდასა და ვარიანში მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას. მიწის სისტემური რეგისტრაცია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება“ – ს ფარგლებში ხორციელდება”, – განმარტავენ მერიაში.