აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირების ახალი კამპანია იწყება

428

შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ქართველი ინფლუენსერებისა და ბლოგერების მთიან აჭარაში მოგზაურობით გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერები აჭარის ეროვნულ პარკებში, მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ და აჭარის უცნობ თუ ნაცნობ ტურისტულ პროდუქტებს შიდა ტურისტებს გააცნობენ. პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფრომაციით, ინფლუენსერების შემდეგ აჭარაში უკვე ფოტოგრაფები იმოგზაურებენ. პროექტში ეტაპოპრივად სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართვა იგეგმება. დღემდე, აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირება ონლაინ კამპანიით ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე აცხადებს, რომ აჭარა თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტებით ბევრი ქართველისთვის აღმოჩენაა.

„ჩვენი პროექტით ვუერთდებით კამპანიას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ და ვეპატიჟებით შიდა ტურისტებს აჭარაში. ჩვენი მთავარი მიზანი ბუნებრივია რეგიონში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და მათთვის აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობაა. კამპანიის ნაწილში ჩავრთეთ ბლოგერები და ინფლუენსერები, რომლებიც შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უზიარებენ ათასობით გამომწერს, რეკომენდაციებს აწვდიან სად იმოგზაურონ.

აჭარა კი ამ მიმართულებით ნამდვილად აღმოჩენაა ბევრი ქართველისთვის თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტებით. აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა და ზაფხულში ზღვაზე დასვენება, ის უფრო მეტია თავისი სათავგადასავლო, ეკოტურისტული თუ გასტრონომიული ტურისტული მარშრუტებით, ტრადიციებითა თუ კულტურით. პროექტი ბლოგერების კამპანიით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობებით გაგრძელდება, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს რეგიონში შიდა ტურისტების მოზიდვასა და მოგზაურობას“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.