კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

706

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებით, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბაზრობების ტერიტორია მომატებული რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების კუთხით, ამიტომ ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს.

„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ იქ 3 დღეა დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება. სულ ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულია 1415 ადამიანი, აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებითი შემთხვევა, შემდეგ ერთი. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა განმეორებით და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი.

ეს ორი წერტილი – ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იყოს ბაზრობებზე. გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება.

„დღეის რიცხვით სულ გვაქვს კოვიდინფექციის 1137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილის 9 საათისთვის დადასტურდა ექვსი ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ დადასტურებულთან კონტაქტი, ოთხი შემთხვევაა იმპორტირებულია, ძირითადად საკარანტინო სივრცეებიდან. ერთი შემთხვევა  გაჩიანის კლასტერს უკავშირდება. ზოგადად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების ზრდის დინამიკა. 20-26 ივლისის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში ერთად არის 98 შემთხვევა. აქედან 22 გახლავთ გაჩიანთან დაკავშირებული შემთხვევები, 14 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 13 იმპორტირებული. იმპორტირებულებს შორის იყვნენ ასევე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის – 1137, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 922, გარდაიცვალა – 16 ადამიანი.