დავითაშვილი: ანტიკრიზისული გეგმის პროგრამების დაწყებიდან დღემდე, 30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა

822

ანტიკრიზისული გეგმის პროგრამების დაწყებიდან დღემდე 30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, ჯამურმა ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რეგისტრაცია გახდა აუცილებელი პირობა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობისთვის. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით და ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს.

მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამითა და აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს აქვთ, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული აქვთ და ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას მოახდენენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დაწყებიდან დღემდე, 35 000-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მოახდინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ჯამში დარეგისტრირდა 30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობმა 10 000 ჰა-ზე მეტი შეადგინა.