აჭარაში განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გრძელდება. ამჟამად, ისინი პრაქტიკულ მეცადინეობას კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით სასტუმრო ნომრების, სივრცეების დასუფთავება-მოწესრიგების, ასევე სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკის შესახებ გადიან. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა სტუმრების უსაფრთხოების, ჰიგიენის დაცვისა და პანდემიის პირობებში სასტუმროში დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირების შესახებ გაიღრმავეს. ბათუმის შემდეგ ტრენინგების ჩატარება უკვე ქობულეთში იგეგმება. ჯამში, ტრენინგის ფარგლებში აჭარაში დასუფთავების სამსახურების 80 თანამშრომელი გადამზადდება.
ამასთან, აცხადებენ რომ სექტემბრიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ. გვერდზევე იქნება შესაძლებელი ტრენინგებზე ონლაინ რეგისტრაციის გავლა.
ბოლო წლებში, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 3000-მდე სერვისის მიმწოდებელს ჩაუტარა ტრენინგები, რაც წელსაც გრძელდება. დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგი, მასტერკლასი თუ სემინარი მიმდინარე წელსაც უფასოა.