საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარებისთვის, პირველ 11 მუნიციპალიტეტს 5 მილიონი ლარის გრანტები გადასცა. ეს გრანტები მთავრობის 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საგრანტო პროგრამის ნაწილია, სადაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსება იქნება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას და რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების და სტანდარტების გაუმჯობესებას, ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების განხორციელების გზით. საგრანტო პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.
ეს გრანტები პროგრამის პირველი ფაზის ნაწილია, რომელიც 2020 წლის ივნისში დაიწყო, როცა საპილოტე რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის ფორმატში საგრანტო პროგრამის კონკურსის შედეგები 8 ივლისს გამოავლინა. 5 მილიონი ლარის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვეს ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის, ცაგერის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა.
„დღეისათვის უმნიშვნელოვანესია ასეთი შინაარსის პროგრამების განხორციელება. ამ ფორმატის დახმარება, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს მომდევნო 3 წლის განმავლობაში, არის ახალი და ზუსტად ეხმიანება ევროპული სტანდარტის რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პრინციპებს. ამ პროგრამით, ევროკავშითან თანამშრომლობა თვისობრივად ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ვფიქრობ, ასევე გულისხმობს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ სანდოობის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებასა და განმტკიცებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამას ასევე შემოაქვს მუნიციპალიტეტებს შორის კონკურენტული ურთიერთობების ჩამოყალიბების პრინციპები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის პროცესში და მუნიციპალურ დონეზე ახალი უნარების გაჩენა-გაძლიერებაში,“ – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
„საქართველოს რეგიონების განვითარება ევროკავშირის პრიორიტეტია, და ამ პროგრამით ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ეს განვითარება იქნება დაბალანსებული და არა მხოლოდ მთავარ ქალაქებზე – თბილისსა და ბათუმზე ორიენტირებული. მთავრობასთან ერთად ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ შესაბამისი სისტემის შესაქმნელად და მოხარული ვართ, რომ მათ უკვე მოქმედებაში ვხედავთ. მოუთმენლად ველით ჩვენი EU4ITD პროგრამის ფარგლებში 186 მილიონ ლარზე მეტი დახმარების გამოყოფას, რათა ეს ინიციატივა წარმატებით განხორციელდეს.“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის პროგრამების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ.
კონკურსის ფარგლებში წარდგენილი მუნიციპალური პროექტების შეფასება და შერჩევა განხორციელდა შესაბამისი რეგიონების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფო რწმუნებული და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. საბჭოების საქმიანობაში, ასევე ჩართული არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და სხვა. ეს ინიციატივები, ევროკავშირის სხვა მიმდინარე სექტორულ პროგრამებთან და პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მიზნობრივ რეგიონებში ინვესტიციების და დასაქმების ზრდას.
საქართველოს რეგიონული პოლიტიკის განვითარება, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და იგი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პროგრამა პირველად საქართველოში ხორციელდება.