ქუთაისში, ე.წ. “მწვანე ბაზრის” 6 თანამშრომელი სამუშაო პროცესში დამცავი სამედიცინო პირბადის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს. ბაზრის ადმინისტრაციაში გამარტავენ, რომ ბაზარში დასაქმებულები ხუთ-ხუთი ლარით დაჯარიმდნენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
“მწვანე ბაზრის” დირექტორი, ოლეგ არღვლიანი ამბობს, რომ როგორც მოვაჭრეებს, ასევე, მომხმარებლებს მუდმივად მოუწოდებს, პანდემით გამოწვეული რეკომენდაციები დაიცვან.
“სულ ვაფრთხილებთ მოვაჭრე პერსონალს. მე პირადად, ვარ ადგილზე და ვაკვირდები ყველას. ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს. მოქალაქეების მხრიდანაც გვაქვს ხოლმე უკმაყოფილება, რადგან პროტესტს გამოთქვამენ ბაზარში პირბადის აუცილებლობის გამო და გვიწევს მათთვის ახსნა-განმარტება”.
თავად, ბაზარში დასაქმებულები და მომხმარებლები განმარტავენ, რომ შეძლებისდაგვარად ცდილობენ დამცავი პირბადეები გაიკეთონ.
“სულ გვიკეთია პირბადე. უბრალოდ, ხანდახან, როცა ძალიან გვიჭირს სუნთქვა ნიკაპზე ჩამოვუშვებთ ხოლმე”, – გვითხრა “მწვანე ბაზარში” ერთ-ერთმა დასაქმებულმა.
“პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია ” – ბაზრის შესასვლელთან ამ მოთხოვნის მიუხედავად, დაწესებულების შიგნით დამცავი პირბადის გარეშე მყოფებს ბევრს ნახავთ.