ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
რომელი წელი იყო? 2011 ან 2012. სოლოლაკში, ერთი ძველი შენობის მესამე სართულზე “სათემო განვითარების ცენტრის” პატარა და მყუდრო ოთახში ვიჯექი. ჩემმა თანამშრომელმა და მეგობარმა, გიორგი შაიშმელაშვილმა მითხრა – წნორელი ახალგაზრდები არიან, ძალიან უნდათ კარგი საქმეების კეთება, ადგილზე ცვლილებების მიღწევა და ეგებ რამე ვურჩიოთ, როგორ დაიწყონ, რა ფორმით და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთო. მოვიდნენ ორნი, წნორის ახალგაზრდული ჯგუფი ვართ, ჩვენთან ადგილზე არაფერი ხდება, კულტურის სფერო ჩამკვდარია, ახალგაზრდებისთვის სრულიად უსიცოცხლო და უპერსპექტივო სივრცეა და გვინდა, რამე შევცვალოთო. აქედან დაიწყო ჩემი მეგობრობა წნორის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან, მათ შორის, ნანა ბაგალიშვილთან და ქეთი მოლაშვილთან, რომლებმაც ცოტა მოგვიანებით, 2012 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ორგანიზაცია “სამოქალაქო ინიციატივა” დააფუძნეს და კიდევ უფრო ცოტა გვიან, 2017 წელს, წნორში “ცოდნის კაფეს” მშენებლობა გადაწყვიტეს.
ამ გადაწყვეტილებას წინ ერთი საინტერესო ამბავი უძღვოდა. ქვემო მაჩხაანის თეატრის შესახებ ხომ გსმენიათ? ეს ის თეატრია, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის მიჯნაზე სოფელმა თავისი ხელით რომ ააშენა; რამდენიმე წელი რომ აგროვეს მშენებლობისთვის საჭირო თანხა ყველა შესაძლო გზით, იმიტომ, რომ ქიზიყის ამ სოფელს აუცილებლად და ყოველ მიზეზგარეშე უნდოდა, ჰქონოდა თანამედროვე თეატრი, ისეთი, დიდი ქალაქისას რომ არ ჩამოუვარდებოდა; მაჩხაანელებმა სოლიდარობის, რესურსების მობილიზებისა და ურთიერთდახმარების არაჩვეულებრივი მაგალითი დაგვიტოვეს; 1899 წელს დასრულდა თეატრის მშენებლობა, თანხის შეგროვება კი გაცილებით ადრე, 1880-იანი წლების ბოლოდან დაიწყო: იმართებოდა საქველმოქმედო საღამოები, წარმოდგენები თეატრის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსების შესაგროვებლად. წარმოდგენებს “მთელი ქიზიყის საზოგადოება” ესწრებოდა. ხდებოდა შემოწირულობების შეგროვება. ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივად აქტიური პირებიც, ქალებიც, გლეხებიც და ადგილობრივი ბიზნესიც. ქვემო მაჩხაანის თეატრის მშენებლობისთვის თავისი აგურის დადებას ყველა ცდილობდა. შენობა, რომელიც სოფელში დღესაც დგას, ვერ აშენდებოდა თანასოფლელების შეკავშირების, ძალების გაერთიანებისა და არნახული სოლიდარობის გარეშე. ამ ამბავზე ჩემზე კარგად ისევ ნანა ბაგალიშვილი ყვება:
ქვემო მაჩხაანის თეატრის ისტორია პირველად 2014 წელს გავიგე, იმ მკვლევრებისგან, ვინც მაშინ ეს საოცარი ამბავი ფართო საზოგადოებისათვის “აღმოაჩინა”. ორი ორგანიზაცია მუშაობდა კვლევაზე – “კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი” და “სამოქალაქო ინიციატივა”. მერე ვეცადეთ და ერთ წიგნში უკეთესად აღვწერეთ ამ თეატრისა და ზოგადად, სოფლის საუკუნის წინანდელი ამბები. ნანამ წიგნის – “ინიციატივა არ ისჯება, თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე” – განხილვა მოაწყო ქიზიყელ ახალგაზრდებთან ერთად. იმსჯელეს, იმსჯელეს და თქვეს:
“კი მაგრამ, თუკი 1899 წელს შესაძლებელი გახდა საერთო იდეის და მიზნის გარშემო სოფლის გაერთიანება, წლების განმავლობაში თანხის გროვება და თეატრის აშენება, თუკი მაშინ, 100-ზე მეტი წლის წინ, ასეთი მხარდაჭერა და იდეის ერთგულება შეგვეძლო, ახლა რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს? რატომ არ შეიძლება, ისევ ქიზიყში, ამჯერად – წნორში ავაშენოთ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ქიზიყელებს, ახალგაზრდებს, ქალებს, ხანდაზმულებს, ყველას, ვისაც სამყარო მუდმივად აინტერესებს, ახლის გაგება და სწავლა უნდათ, არაფორმალურ გარემოში ცოდნებს გავუზიარებთ… ჰო, რა მოხდება, ჩვენც შევაგროვოთ შემოწირულობები წნორში „ცოდნის კაფეს“ მშენებლობისთვის?”
ასე დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება რთული გზა, რომელიც ბოლოს ჩვენი, ანუ მოქალაქეებისა და იდეის გულშემატკივრების, ჩართულობით, “ცოდნის კაფეს” მშენებლობით უნდა დასრულდეს.
“ცოდნის კაფე”, დღესდღეობით, ნაქირავებ სივრცეშია განთავსებული წნორში და ადგილობრივ მოსახლეობას, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს, მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. კაფეს აუცილებლად სჭირდება თავისი შენობა, რომელიც გაცილებით მეტს დაიტევს და შესთავაზებს ქიზიყელებს და არა მარტო…
“ცოდნის კაფე” არაფორმალური და თავისუფალი სივრცე იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის. სივრცე, სადაც ფილმს ნახავ, საჭირო ცოდნას მიიღებ, კვალიფიკაციას აიმაღლებ, იდეებს გაუზიარებ სხვას, ყავას დალევ, წიგნებს იყიდი, ან წაიკითხავ… ადგილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უწყვეტი პიროვნული განვითარების საშუალება ექნება… ეს იქნება ალტერნატიული სივრცე, სადაც თაობები ერთმანეთს შეხვდებიან და ცოდნებს გაუზიარებენ… განვითარების, მომავლის და იმედის სივრცე – ხშირად სწორედ იმედისგან დაცლილ რეგიონში. და რაც მთავარია, აშენებული “ცოდნის კაფე” იქნება იმის მაგალითი, რომ ოცნებები ხდება.
პირველ ეტაპზე, რომელიც 2018 წელს დასრულდა, 39 380 ლარი შეგროვდა ჩვენი მოქალაქეების ჩართულობისა და სოლიდარობის წყალობით! ამ თანხით “სამოქალაქო ინიციატივამ” ქიზიყის ბიზნეს-ქალაქის, წნორის ცენტრში, პატარა მიწის ნაკვეთი იყიდა. ამ ნაკვეთზე ახლა თანამედროვე შენობა უნდა აშენდეს, ანუ “ცოდნის კაფე” და ამჟამად სწორედ ამ მშენებლობისთვის ხდება თანხების შეგროვება. მოგეხსენებათ, მშენებლობა ადვილი და იაფი საქმე არ არის. მართალია ამ ეტაპზე ჩვენი თანამოქალაქეების თანადგომით უკვე შეგროვდა 42 000 ლარი, “ცოდნის კაფეს” აშენება სულ ცოტა ორი ამდენი დაჯდება, ანუ შესაგროვებელი ჯერ კიდევ ბევრია.
ჩემთვის ეს როგორი ამბავია, იცით?
ქვემო მაჩხაანის თეატრის ამბებს რომ ვკითხულობ და გული მეკუმშება, ვფიქრობ ხოლმე: რა მაგრები იყვნენ ეს ჩვენი წინაპრები, როგორ შეეძლოთ ასე ერთად დგომა კარგი საქმისთვის, რამხელა რწმენა ჰქონდათ ერთმანეთის და იდეის. მაშინაც ხომ არ ულხინდათ? ალბათ, უფრო რთულიც კი იყო რაღაც ღონისძიებების ორგანიზება, ან თუნდაც – ინფორმაციის გავრცელება და მაინც, როგორ ახერხებდნენ? სულ გული მიჩუყდება ასეთ ამბებზე და ალბათ, ბევრ თქვენგანს – ჩემნაირად.
ჰოდა, ახლა უცებ მეც შემიძლია, მსგავსი ამბის თანამონაწილე და თანა-მაშენებელი გავხდე. შეგვიძლია, ერთად ავაშენოთ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე რეგიონში, ჩვენი აგური დავდოთ საერთო და არა პირადი სარგებლობის საქმისთვის, საქმისთვის, საიდანაც ინდივიდუალურ გამორჩენას კი არ ველით, უბრალოდ, გვჯერა, რომ ასეთი მაგალითების შექმნით, უკეთესი საზოგადოება გავხდებით.
ვინ იცის, ეგებ ბევრი, ბევრი წლის მერე, შემდგომმა თაობებმა, ისევე გაიხარონ და იამაყონ ჩვენი დღევანდელი ერთობით, როგორც დღეს ჩვენ გვახარებენ და იმედის საყრდენებს გვთავაზობენ – საუკუნის წინანდელი ქვემო მაჩხაანელები?
პ.ს. რამდენიმე კვირის წინ “ცოდნის-კაფეში” ჩემი 13 წლის შვილი, სანდრო, ჩავიყვანე. პანდემიის პერიოდში ის ონლაინ აგრო-სკოლის მონაწილე იყო. აგრო-სკოლა კი “სამოქალაქო ინიციატივას” პროექტია, რომლის ფარგლებში მოზარდებს ბიომეურნეობის საფუძვლებს ასწავლიან და ონლაინ-გაკვეთილების თანხლებით, მთელი გაზაფხული ჩითილების გამოყვანა, მოვლას, გადარგვას, შეყელვას, გახარებას დაუთმეს დრო. ახლა, ონლაინფორმატის ნაცვლად, კურსის მონაწილეები “ცოდნის კაფეში” შეიკრიბნენ და ნიადაგის საკითხებზე, მათ შორის, ალაზნისა და შირაქის ველებზე ნიადაგის გადაწვის მავნე პრაქტიკებზე იმსჯელეს. მე გარეთ ველოდებოდი და ეზოში სახელობითი აგურების კედელს ვათვალიერებდი: ესენი ყველანი “ცოდნის კაფეს” შემომწირველები არიან, ისინი, ვინც უკვე დადო თავისი აგური. მათი გვარები მერე უკვე აშენებული კაფეს კედლებზე იქნება დატანილი. წარმოიდგინეთ შენობა, აჭრელებული კედლებით, სადაც უამრავი მაშენებლის გვარი წერია. გული მეკუმშება და მინდა, მჯეროდეს, რომ ის, რაც 100-ზე მეტი წლის წინათ ქვემო მაჩხაანელებმა შეძლეს, არც დღეს იქნება შეუძლებელი.
https://www.facebook.com/tsodniscafe/photos/a.3278065422248790/3278081362247196/?type=3&theater
რაც შეეხება “ცოდნის კაფეს” აგრო-სკოლას, ამ პროგრამამ სანდროს კარგი ცოდნა მისცა – თეორიულიც და პრაქტიკულიც და ბევრ საკითხზე დააფიქრა. ახლა ის ძალიან განიცდის, როცა ალაზნის ველზე ცეცხლმოკიდებულ ნაკვეთებს ხედავს და მიხსნის, რომ ეს დაუშვებელია ნიადაგისთვის, რომ არ შეიძლება, ასე გადაწვა საკუთარი ქვეყანა; ბოსტანში მოსავალსაც ძალიან ელოდება, რომ მერე გაყიდოს “ცოდნის კაფეს” ასაშენებლად.
ზღვა წვეთობით ივსებაო… მე მჯერა.
რუბრიკა “სოფელ-სოფელ” მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ.