“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატების უმრავლესობას “ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებულები უწოდა, მათ შორის დაასახელა გორისა და კასპის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილიც, რომელიც ამჟამად შიდა ქართლის სახელწმიფო რწმუნებულია.
უგულავას განცხადებით, ძმები ხოჯევანიშვილები მაღალ თანამდებობებს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იკავებდნენ.
“ივანიშვილს მაჟორიტარების ადგილებზე სჭირდება ფულიანი, მინი ოლიგარქები, რომლებსაც საგადასახადოთი, სუსით, პროკურატურით ადვილად დააშანტაჟებს. ამ პრინციპითაა ყველა იქ შერჩეული. ნებისმიერი კანდიდატი ყურით უჭირავს და ფელამუშივით ტალახში ჩააწობს და ამოაწობს. ასეთი გათხვრილი ადამიანები წარმოგვიდგინეს, რომლებიც ასეთი პატრონყმური ნიშნით არიან შერჩეულები. ან ის ხოჯევანიშვილი ვინ იყო. ვინ იყო და ერთი ძმა მერაბიშვილის თანაშემწე, მეორე კი სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა და “ოცნებამ” ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნა, ახლა პარლამენტში უნდა რომ შეიყვანოს. “ქართული ოცნება” კი არა, ეს არის “ჟულიკებისა” და თაღლითების პარტია”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ 20 ივლისს ქვეყნის მასშტაბით პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის ოთხი მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულია.