თბილისის მერი, კახა კალაძე ავრცელებს რენდერის ფოტოებს, რომლებშიც ჩანს როგორი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, სპეციალური თარგები გააკეთეს იმისთვის, რომ ტერიტორია უფრო მეტად გამწვანდეს.
კალაძის განცხადებით, რეაბილიტაცია უტარდება შადრევანს, ფილები კი გაიწმინდა და შეკეთდა. მისივე თქმით, ისტორიული ფილები, რომლებიც 9 აპრილის მოვლენებს უკავშირდება დასაწყობებული აქვთ და რეაბილიტაციის შემდეგ ადგილზევე დააბრუნებენ. ამ დეტალებზე თბილისის მერმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუშვა. ადგილზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის წინა სივრცე საპროტესტო აქციებისა და მიტინგების მთავარი კერააა. 2019 წელს, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში იქ აქტიურად იმართებოდა ანტისახელისუფლებო და ანტიოკუპაციური აქციები. წლის ბოლოს, 31 დეკემბერს, მერიამ შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო კარავი დაშალა და საახალწლო ატრაქციონები დადგა, შემდეგ კი გაშლის უფლება აღარ მისცა.
22 იანვარს მერიამ ტერიტორია შემოღობა და რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.
რეაბილიტაცია აგვისტოში უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის შედეგად არსებული შადრევნები უნდა მოწესრიგდეს, შეიცვალოს ფილები და გაკეთდეს გამწვანების ახალი თარგები. სამუშაოებს „გრინ სერვისი” ახორციელებს და ის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი ჯდება.
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on კვირა, 19 ივლისი, 2020