დღეიდან პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პროექტის განხორციელების შედეგად კი, ტერიტორია მოწესრიგდება. კერძოდ, როგორც კალაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში დაიგება ახალი ფილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევნებს, და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთებას.
სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.
“სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე”, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გასული წლის ივნისში დასრულდა.
როგორც თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა, მერია წელს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს.