ახალციხეში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა, გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასფალტის საფარი წყალმომარაგების კომპანიამ სამი თვის წინ დააზიანა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ოთხ მაისს დაიწყეს გზის გადათხრა, მესხეთის ქუჩაზე წყალს ფეკალიები ერევაო და ჩვენს ქუჩას აბრალებდნენ. გათხარეს გორგასალზე და პრობლემა აქ არ აღმოჩნდა, ეს ასფალტიც გაგვიფუჭეს. გადათხრილი გზა იქამდე არ გაასწორეს, სანამ ჩვენ არ დავურეკეთ, გვითხრეს ასფალტს მალევე დავაგებთო და ჯერ კიდევ არ მოსულან“,– ამბობენ გორგასლის ქუჩაზე მცხოვრებლები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გადათხრილი ქუჩის გამო, წვიმის დროს ტალახი სახლში შესდით, მზიან ამინდში კი მტვერია.
„ამ გზის გამო მანქანები ვეღარ დადიან, ბავშვებსაც ვერ ვუშვებთ გარეთ სულ იმტვრევიან, წვიმა რომ მოდის ტალახი სახლებში შემოდის, გარდა ამისა წვიმის წყალი მიწაში იჟონება და სარდაფებშიც ჩადის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ მალე გააკეთონ ეს გზა“,–ამბობენ გორგასლის ქუჩის მცხოვრებლები.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ დაზიანებული მონაკვეთი წყალმომარაგების კომპანიამ უნდა აღადგინოს. გორგასლის ქუჩაზე, სადაც გზის 140 მეტრიანი მონაკვეთია გადათხრილი, 30–მდე ოჯახი ცხოვრობს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ ასფალტი სასმელი წყლის დაზიანებული მილის შეცვლის მიზნით გადათხარეს, მისი აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება.
„ასეთი შემთხვევების დროს ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული კომპანიასთან, რომელიც ჩვენს მიერ დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით ვერ მოახერხეს ასფალტის აღდგენა. ახლაც ველაპარაკე წარმომადგენელს და მითხრა, რომ ქალაქის მასშტაბით ბევრი სამუშოებია და მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში აღადგენენ ასფალტს“,– ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი, გიორგი გრიგოლაშვილი.