სურსათის ეროვნული სააგენტო და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, თხილის პლანტაციებისა და ტყის პერიმეტრის პარალელურად, ინტენსიურად ამუშავებს სიმინდის მასივებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. ანჯელის საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.
„მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული, აუცილებელია საყანე ფართობების დამუშავება. ცივი შესხურების ტექნოლოგია გამოიყენება მავნებლის პირველი ნიმფების საწინააღმდეგოდ; საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურეს“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონები.
საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს.
„წამლობების პარალელურად, მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. მათ გასულ წელს სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მიიღეს. სახელმწიფოსა და ფერმერების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიმდინარე წელსაც სიმინდის ხარისხიან მოსავალს ველოდებით“, – განაცხადა საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიმინდის მასივების დამუშავება ცივი შესხურების ტექნოლოგიით ეტაპობრივად გაგრძელდება.