გორის საბავშვო ბაღები, რომლებიც რემონტის დროს დანაგვიანდა, ძიძებს დაალაგებინეს, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” აღნიშნული საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა აცნობეს.
ერთ-ერთი ძიძის თქმით, მას დაურეკეს, ბაღში გამოიძახეს და ოთახების დალაგება მოსთხოვეს.
“რემონტი ჯერაც არ არის ბოლომდე დასრულებული და როგორც გვეუბნებიან, ერთხელ კიდევ მოგვიწევს მისვლა და ოთახების თავიდან დალაგება”, – გვითხრა მან.
ამ საკითხზე რადიო “მოზაიკა” ბაღების სააგენტოს ჰიგიენის სპეცილისტს დაუკავშირდა. ხათუნა ხათაშვილის თქმით, თანამშრომელთა მონაწილეობით ბაღების დალაგების საკითხს ის არ წყვეტს.
“მიუხედავად იმისა, რომ ბაღების სისუფთავე მე მეხება, მაგ საკითხს მე არ ვწყვეტ. ვინ და როდის უნდა დაალაგოს ბაღები, ამას სააგენტოს დირექტორი განსაზღვრავს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბაღების დალაგება რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდა”, – გვითხრა ხათაშვილმა.
თავად ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი კი ამბობს, რომ თანამშრომლები ბაღებში მორიგეობით დადიან და ყველა საჭირო საკითხს აგვარებენ.
“თანამშრომლებს აქვთ მორიგეობა. რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიდიან სამუშაო ადგილზე და შექმნილი ვითარების შესაბამისად, ასრულებენ საკუთარ საქმეს”, – გვითხრა კოვზიაშვილმა.
სააგენტოს დირექტორმა არ იცის, ზუსტად რამდენ ბაღში ჩატარდა და ამ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.