მკვლელი ქარხნები, “გადაგდების” მცდელობა ხელისუფლებისგან – შაბათს რუსთავში მოძრაობა “გავიგუდე” აქციას მართავს

1784

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

დაიცავი სუფთა ჰაერი… მკვლელი ქარხნები… დაპირებული საგაზაფხულო კანონპროექტი… გადაგდების მცდელობა ხელისუფლებისგან… – ამ მოწოდებებით შაბათს, 18 ივლისს რუსთავში მერიის წინ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი “გავიგუდეთ” აქციას აანონსებს, ამჯერად ეკოლოგიური ჯგუფის წევრების მთავარი ადრესატი არა ჰაერის დამბინძურებელი საწარმოებია, არამედ ხელისუფლება – აქტივსტები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, შესრულდეს შეპირებული კანონპროექტის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცება.

როდის დაიწყო ახალგაზრდების ჯგუფმა ჰაერის დაბინძურებაზე საპროტესტო მოძრაობა, რას ითხოვენ ისინი, რა დაპირება მიიღეს ხელისუფებისგან და რა არ შესრულდა, ამ თემაზე droa.ge -სთან საუბრობს ეკოლოგიური ჯგუფის „გავიგუდეს“ აქტივისტი ნიკოლოზ მუსერიძე.

– ეკოლოგიური ჯგუფი „გავიგუდეთ“, რომელიც რუსთავში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გამოდის, შაბათს აქციას აანონსებს. რა არის თქვენი პროტესტის მიზეზი ამჯერად? 

– მოძრაობა „გავიგუდეთ“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შესატანად. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი გუნდი სამინისტროდან ისმენდა დაპირებებს იმის შესახებ, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, როგორც არ უნდა განვითარებულიყო შიდა თუ საგარეო პოლიტიკა, მთავრობაც და პარლამენტიც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერდა და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ის დამტკიცდებოდა. ჩვენ გვჯეროდა ამ ადამიანების. თვითონ მუშაობის პროცესსაც ძალიან დადებითად ვაფასებთ, სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან დიდი ჩართულობა იყო, თუმცა, წინა ხუთშაბათს გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშული ცვლილებები საშემოდგომო სესიისთვის გადაიდება. სწორედ მის ამგვარ განცხადებას ვეხმაურებით საპროტესტო აქციით და ვითხოვთ დაპირების შესრულებას.

– რატომ გადაიდო კანონპროექტის მიღება და რას ცვლის ეს?

– ალბათ, ვერ ასწრებენ, ან არ ვიცი რა ხდება და როგორ ხდება შიგნით… ჩვენ თავიდანვე გვქონდა რისკები შეფასებული. მაგალითად, რადგან საარჩევნო წელია, არსებობდა საფრთხე, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებას პრობლემა შექმნოდა, ამიტომაც ვითხოვდით, რომ ამ საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცებულიყო. გარდა ამისა, კანონპროექტში არის მუხლი, რომ კანონი უნდა ამოქმედდეს 2021 წელს. შესაბამისად, მეწარმეს, რომელსაც ვეუბნებით, რომ გარემოს დაბინძურებისგან თავის დასაცავად თქვენი საწარმო გადაიარაღეთ, ფიზიკურად ვეღარ ასწრებს ამას. ჩვენ გვინდოდა, რომ მეწარმისთვის გონივრული ვადა მიგვეცა, რომ საწარმო განეახლებინა. ახლა, თუ ეს კანონპროექტი შემოდგომაზე გადავიდა, რეალურად კანონი დაახლოებით 2022 წლისთვის ამოქმედდება და 2022 წლისთვის იქნება ყველაფერი კარგად.

ჩვენ გვჯეროდა ამ ადამიანების. თვითონ მუშაობის პროცესსაც ძალიან დადებითად ვაფასებთ, სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან დიდი ჩართულობა იყო. წინა ხუთშაბათს კანონპროექტი მთავრობის მოსმენაზე იყო, მთავრობამ მოიწონა და გარემოს დაცვის სამინისტროს ტექნიკური დეტალების დასაკორექტირებლად გადასცა, სამინისტრომ კი კომიტეტშიც გადაიგზავნა. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცით. ამიტომ, აქციაზე იქნება მოთხოვნა კონკრეტული თარიღები და კონკრეტული დღეები დაასახელონ ამ ადამიანებმა, როდის მიიღებენ.

– საერთოდ, ეს აქტივიზმი როდის და რატომ დაიწყო და რის შეცვლას ითხოვთ ახალი კანონით?

– რუსთავში ჰაერის დაბინძურება დაფიქსირდა 77%. ეს ნიშნავს, რომ 365 დღიდან 80 დღე ჩვენ ვისუნთქეთ ნორმალური ჰაერი, დანარჩენი იყო ცუდი, ან ძალიან ცუდი. ანუ, 300-მდე დღე ვსუნთქავდით ცუდ ჰაერს. ეს საწარმოები აბსოლუტურად კანონდარღვევით მუშაობენ, ხდება არაორგანიზებული გაფრქვევა, ეს საწარმოები არ ამუშავებენ ფილტრაციის სისტემას, მოუწესრიგებელი აქვთ ნარჩენების მართვის გეგმა. მილიონი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც ვითხოვთ. ამიტომაც აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მილში დგება სენსორი და სწორედ ამის შემდეგ ხდება ამ გაფრქვევების დათვლაც, მონიტორინგიც, დაჯარიმებაც და სანქციები.

– მოქმედი კანონით ხომ არსებობს ვალდებულება, რომ გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ რაიმე ფილტრები უნდა გააჩნდეს საწარმოებს?

– დღეს აღსრულება ცოტა რთულია. ამ ახალ კანონპროექტში კი კონტროლი მკაცრდება, კადრების დამატება ხდება და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს ვალდებულება და უფლებამოსილება ეძლევა, რომ დაუყოვნებლივ შევიდეს საწარმოში და მომენტალურად შეამოწმოს – თუ ფილტრაციის სისტემა არ ექნებათ, დაჯარიმდებიან; თუ არ ამუშავებენ ფილტრს, ამაზეც ჯარიმა იქნება.

მოკლედ, კონტროლი ბევრად მკაცრდება, სანქციებიც იზრდება და ესეთი პრინციპია – დამბინძურებელი იხდის.

მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის თანახმად, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება გადაიხადოს არა თანხა, არამედ გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. კერძოდ, ზიანის თანხა, განსხვავებით დღევანდელი რეგულაციებისგან, მთლიანად მოხმარდება ამ ზიანის გამოსასწორებელ ღონისძიებებს.

შესაბამისად, აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს გარემოს გაუმჯობესებას. შემდეგ თუ რამე გართულება გვექნება პრაქტიკაში, ეს ადამიანები ისევ ერთად შევიკრიბებით და სხვა გზას მოვძებნით. მაგალითად, ასევე არის ორგანული კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა, მხოლოდ რუსთავისთვის შეიცვალოს და ჩვენი გუნდი მზად არის, მთელი ძალებით და ენერგიით, ეს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

– თუ არის რომელიმე კონკრეტული საწარმო, რომლის მუშაობის გამოც დაიწყო პრობლემის იდენტიფიცირება და დაიწყო თქვენი ეკოლოგიური ჯგუფის პროტესტი?

– ჩვენი მოძრაობა 2018 წლის 10 მაისიდან დაიწყო არმატურის საწარმო „ჯეოსტილის“ წინააღმდეგ.  რა თქმა უნდა, პროტესტი არ ეხებოდა მარტო „ჯეოსთილს“, თუმცა, „ჯეოსთილი“ იყო პირველი საწარმო, რომელიც ლოგიკურად შეირჩა,  იმიტომ რომ, დასახლებული პუნქტიდან ძალიან ახლოს იყო, 700 მეტრში და არ შეიძლება ასე იყოს. შემდეგ, დოკუმენტების მომზადებისას გაირკვა, რომ რეალურად ეს საწარმო 700 მეტრით კი არა, 240 მეტრით იყო დაშორებული დასახლებული პუნქტიდან. მოკლედ, უამრავი დარღვევა აღმოვაჩინეთ და ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება ამიტომაც დავიწყეთ „ჯეოსთილით“.

მაშინ ისმოდა კრიტიკა, რომ დისკრიმინაციაა, რადგან მარტო „ჯეოსთილსაპროტესტებთ-ო, მაგრამ რეალურად „ჯეოსთილი“ იყო ის საწარმო, რომელიც ახლოს იყო ჩვენთან და პირველი დაბინძურება ზუსტად იქედან მოდიოდა. გარდა ამისა, თავიდან, ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა საერთოდ რა იყო გეზეშე (გარემოზე ზემოქმედების შეფასება), რა იყო „გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი, მოგვიწია ყველაფრის შესწავლა. ძალიან დიდი შრომაა გასაწევი და ჩვენ ადამიანური რესურსებში შეზღუდულები ვართ, თუმცა, მიმდინარე პროცესებში ვსწავლობდით და პარალელურად სხვა საწარმოებს და მათ პრობლემებსაც ვაშუქებდით. ჩვენ „რუსთავის ფოლადი“ გადავკეტეთ რამდენჯერმე, „რუსთავს აზოტთანაც“ გვქონდა აქცია-პერფორმანსები.

ვიფიქრეთ იმაზეც, რომ პრეცედენტი უნდა შეგვექმნა „ჯეოსტილის“ შემთხვევაში და ასეც მოხდა. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ „ჯეოსტილში“ შევუშვით შრომის ინსპექცია, რომელსაც გადავუგზავნეთ ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ადამიანები „შლოპანცებით“, ნიღბისა და ჩაფხუტის  გარეშე მოძრაობდნენ და არ ჰქონდათ უსაფრთხოება დაცული. ეს ინფორმაცია ჯანდაცვას მივაწოდეთ და შემდეგ ამის გამო საწარმო დაჯარიმდა კიდეც.

შემდეგ გამოვიდა საწარმოს დირექტორი და განაცხადა, ჩვენ კანონს არ ვარღვევთ და ყველაფერი წესრიგში გვაქვს-ო. კი, საწარმოს აქვს ფილტრაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა, ამას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ გარედან ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ ფილტრს არ ამუშავებენ, ანუ ხდება არა მილიდან გაფრქვევა, არამედ შენობის ღიობებიდან, რასაც არაორგანიზებული გაფრქვევა ეწოდება და დასჯადია. რუსთავში ყველა ტიპის საწარმო ასე, კანონდარღვევით მუშაობს. ამდენი უკანონობის შემდეგ ძალიან რთულია მის განცხადებას ან რომელიმე მეწარმის განცხადებას დავუჯეროთ.

– რუსთავის მერიასთან თუ გქონიათ კომუნიკაცია და რამდენად არის ჩართული ამ პრობლემის გადაჭრაში?

– მუნიციპალიტეტმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანია რამ გააკეთა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან იაქტიურა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მომხდარიყო რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე ავტომატური სენსორის განთავსება. ადრე არსებობდა ძალიან ძველი სისტემა, რომელიც აჩვენებდა, რომ თითქოს ჩვენ გვქონდა ბახმაროს ჰაერი, რეალურად კი ეს ასე არ იყო.  ჩვენმა გუნდმა 2018 წელს ინტერნეტიდანაც გამოიწერა გარკვეული მოწყობილობა, რომელიც პლუს-მინუს 10 ერთეულით სხვაობას იძლეოდა და ამ სენსორით ვაჩვენეთ ის დაბინძურება, რა დაბინძურებაც რეალურად ქალაქში გვაქვს. ჰაერი რომ დაბინძურებულია, ეს ვიზუალური დაკვირვებითაც კი შესამჩნევია – ჰაერში სუნია, პირში ქვიშის შეყრის შეგრძნება გაქვს, თვალებს წვა და ა.შ. შემდეგ მივედით მუნიციპალიტეტთან, მოვთხოვეთ, რომ ბათუმის ქუჩაზე განთავსებულიყო გარემოს დაცვის ავტომატური ჯიხური. 2019 წლის თებერვალში ეს ჯიხური დადგეს, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში, აჩვენა ჰაერის 77%-იანი დაბინძურება.

მუნიციპალიტეტთან სხვა ურთიერთობა არ გვქონია, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ახერხებენ იმ დოზით ჩართულობას, რა დოზითაც საჭიროა. ჩვენ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან გვაქვს. სახელმწიფო აპარატები ამ ამბავში ჩართულები არიან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რუსთავში რა ხდება და ამიტომ ჩვენ ვითხოვთ საგაზაფხულო სესიაზე ამ კანონპროექტის დამტკიცებას. იმიტომ რომ, მეწარმეებს 6-9 თვე მაინც სჭირდებათ თავიანთი წარმოებები გადაამზადონ და ახალი ტექნოლოგიები შეიტანონ, კანონის მიღების გადაწევა ნიშნავს დაბინძურებულ გარემოში კიდევ დიდ ხანს ყოფნას და ჩვენ არ გვინდა, ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მოხდეს ეს.

– თქვენი ჯგუფის ერთ-ერთი აქტივისტმა, დათა ცინცაძემ კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე გადატანის გასაპროტესტებლად შიშმილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურესი ფორმა რატომ გახდა საჭირო?

– დათამ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაეწყო შიმშილობა და ეს უკიდურესი ფორმა იმიტომ აარჩია, რომ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო. ამით საზოგადოებას უთხრა, რომ მე ვშიმშილობ ჰაერის გამო და ეს იყო მესიჯი ადამიანების გამოსაფხიზებლად, იმიტომ რომ, ჰაერი არის ყველაზე საჭირო ადამიანის ცხოვრებისთვის და მერე მოდის სხვა დანარჩენი – წყალი, საკვები და ა.შ. ახლა დათამ შიმშილობა შეწყვიტა, ცოტა სუსტადაა, თუმცა, შაბათს აქციაზე ყველანი ერთად გამოვალთ.