ალეკო ელისაშვილი: მოვუწოდებ მერიას, წინასაარჩევნო მაიმუნობებს მოეშვას

634

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, #2 ავტობუსების პარკში 50-მდე ლურჯი ავტობუსი მერიას ტყუილად ჰყავს გაჩერებული.

ელისაშვილი ავტოპარკთან დღეს ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ავტობუსებს მერია წინასაარჩევნოდ, სექტემბრისთვის გამოსაყვანად ინახავს.

„ამ ავტობაზაზე რამდენიმე ათეული ლურჯი, MAN-ის ავტობუსი დგას. თბილისის მერიას ამ უბედურ სიცხეში გამოჰყავს მხოლოდ ამ ავტობუსების ნაწილი და საერთოდ არ ადარდებს, რომ ადამიანები იხრუკებიან სამარშრუტო ტაქსებში, რომლებშიც, ძირითადად, კონდინციონერიც კი არ არის ჩართული. ეს ავტობუსები დაყენებეულია მხოლოდ იმიტომ, რომ სექტემბრის ბოლოს გამოიყვანონ და წინასაარჩევნოდ მოიწონონ თავი. ხალხზე მზრუნველი მერია ავტობუსებს არ შეინახავდა, ქუჩებში გამოიყვანდა და მგზავრების ნაწილიც კომფორტულად იმგზავრებდა. მოვუწოდებ მერიას, მოეშვას წინასაარჩევნო მაიმუნობებს და თავისი სამარცხვინო ვადის დასასრულს დავით ნარმანიამ ერთი ნორმალური საქმე გააკეთოს – მისცეს სატრანსპორტო კომპანიას დავალება, რომ გამოიყვანონ ავტობუსები ქუჩაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მერიისგან ოფიციალურად აქვს ინფორმაცია, რომ ავტობუსებს ადაპტირება სჭირდება, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, თუმცა მერობის კანდიდატი ყველა აღნიშნულ მიზეზს ტყუილს უწოდებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი