ზონალურ საათობრივი პარკირების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონსაც მოვიცავთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე – „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ განაცხადა.
„პირველი ეტაპი იქნება პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში შემოვიღოთ ერთიანი სისტემა. რა თქმა უნდა, რაიონების მიხედვით პარკირების საფასური იქნება განსხვავებული, თუმცა ცენტრალურ რაიონებში იქნება ერთი და იმავე მიდგომა,“ – თქვა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე სხვა პროექტებზეც ისაუბრა. მერის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმა ჯერ დასრულებული არ არის და მომდევნო წლებში შემდგომი ეტაპები ექნება.
რაც შეეხება თბილისის მეტროს, მერის თქმით, ძალიან მალე მეტროს ახალი, ევროპული ტიპის შემადგენლობები დაემატება.
„ტაქსის რეფორმის შედეგი სახეზეა, თუმცა ის ჯერ დასრულებული არ არის და მომდევნო წლების განმავლობაში გვექნება შემდგომი ეტაპები, იმისათვის, რომ ტაქსის სერვისიც იყოს მოწესრიგებული და კომფორტული, როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ.
მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოძრავი შემადგენლობის განახლების მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, დაწყებული გვაქვს არსებული მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით. ძალიან მალე გვეცოდინება, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია და მეტროს დაემატება ახალი, ევროპული ტიპის შემადგენლობები,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.