საბურთალოს რაიონში ოთხ მისამართზე სპორტული მოედანი განახლდა

437

საბურთალოს რაიონში ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ცნობით, მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ რეაბილიტირდა.

მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ლითონის ბადეები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა.

განახლებული სპორტული მოედნები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„სპორტული მოედნების მოწესრიგებას აქტიურად ვაგრძელებთ. სპორტული აქტივობების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ვცდილობთ, ყველა უბანს ჰქონდეს კეთილმოწყობილი სპორტული სივრცეები. ამ ეტაპზე, მოედანი კიდევ ოთხ მისამართზე განახლდა“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო.