ქალაქის ხელმძღვანელების მოთხოვნის შემდეგ, მესაკუთრემ მიწის (ტროტუარის) ნაწილი დათმო, – ამის შესახებ ა(ა)იპ ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რუსუდან ჩინჩალაძემ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილი მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
რუსუდან ჩინჩალაძის განმარტებით, მიწის ნაკვეთი 2017 წლის დასაწყისში ელექტრონული აუქციონით გასხვისდა. თავდაპირველად ტროტუარის ნაწილიც გაიყიდა, თუმცა ახალ მეპატრონესთან შეთანხმების მიღწევის შედეგად მშენებლობა განხორციელდება ფეხით სავალი ტერიტორიის-ტროტუარის მიღმა.
,,2017 წლის დასაწყისში ელექტრონული აუქციონით გაიყიდა შენობა, რის შემდეგაც მოხდა დაკანონება, მომზადდა საპროექტო წინადადება. 2019 წელს კომპანიამ შემოიტანა მონახაზი, რომელიც ერთხმად დაიწუნა ძეგლთა დაცვის სააგენტომ და ქალაქის ხელმძღვანელობამ. მძიმე ნაგებობა რომ არ მიგვეღო, შევარჩიეთ პროექტის ვიზუალი. მივიღეთ ღია ტიპის სრულიად გამჭვირვალე ნაგებობა, რომელიც ხედვის არეალს არ გვიზღუდავს არც ოქროს ჩარდახისკენ, არც ნიკიტინის ქუჩის სკვერისკენ. თავდაპირველად ელექტრონული აუქციონის გზით მოხდა ასევე ტროტუარის ნაწილის შესყიდვა, ასეთი კონფიგურაციით იგეგმებოდა მშენებლობა, მოგვიანებით პროექტის დამუშავებისას ქალაქის ხელმძღვანელების მოთხოვნის შემდეგ მესაკუთრემ მოახდინა მიწის (ტროტუარის) ნაწილის დათმობა, არა კონფიგურაციის ცვლილება არამედ დათმობა და მშენებლობა განხორციელდება ფეხით სავალი ტერიტორიის-ტროტუარის მიღმა, ამასთანავე სამშენებლო ღობე ადგილზე არ გავლებულა მშენებლობის დაწყების მიზნით. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ტროტუარის გამაგრებითი სამუშაოები“, – განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.