საია ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

1387

ადგილობრივ დონეზე შემოსავლის მომტანი აქტივობების ხელშეწყობა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა სიღარიბით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესამცირებლად – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

საია-ს ცნობით, საგრანტო კონკურსი „პური მსოფლიოსათვის-პროტესტანტული განვითარების სამსახურის” მიერ დაფინანსებული პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ცხადდება.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას საქართველოში, ადგილობრივ დონეზე შემოსავლის მომტანი აქტივობების ხელშეწყობას და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას სიღარიბით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესამცირებლად. აღნიშნულის მისაღწევად საია დააფინანსებს 1 მცირემასშტაბიან, განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს, რომლითაც საქართველოს რომელიმე რეგიონში მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

წარდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 

ნათლად უნდა ჩანდეს, თუ როგორ შეუწყობს ხელს წარმოდგენილი პროექტი  საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას განვითარებაზე ორიენტირებული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გზით;

ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განმცხადებელ ორგანიზაციას ესმის პრობლემის არსი  და რა გარემოში/ვითარებაში მოუწევს პროექტის განხორციელება;

საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა უნდა იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული; უნდა იყოს დათვლილი თუ რამდენი ბენეფიციარი მიიღებს სარგებელს კონკრეტული პროექტის განხორციელების შედეგად;

გაანალიზებული უნდა იყოს პოტენციური რისკები და მათი შემცირების/პრევენციის მეთოდები.

უნდა იყოს ხარჯთეფექტური და თან უნდა ერთვოდეს დეტალური ხარჯთაღრიცხვა;

პროექტის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს 30% -ს.

საია-ს ინფორმაციით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება და კონკურსს ავტომატურად გამოეთიშება პროექტები, რომლებიც გულისხმობენ:  

რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან/და ლობირებას;

განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებს და სხვა;

ჰუმანიტარულ საქმიანობას.

“საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ 1 პროექტი. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15,000  ლარს. პროექტის ხანგრძლივობისათვის გათვალისწინებულია 4 თვე,  2020 წლის 01 დეკემბრამდე. პროექტი დაიწყება 2020 წლის 01 აგვისტოს  და დასრულდება 2020 წლის 01 დეკემბერს.

საგრანტო თანხების გამოყენება მხოლოდ პროექტში გაწერილი საქმიანობისთვის არის შესაძლებელი. საია იტოვებს უფლებას, დააფინანსოს ნებისმიერი წარმოდგენილი პროექტი ან არ დააფინანსოს არცერთი”, – განმარტავენ საია-ში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები და დაფინანსების პრიორიტეტები

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივ თვითმმართველობას,  საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან/და რამდენიმეს ერთად, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. საქმიანობენ საქართველოში, ამასთანავე კარგად იცნობენ საპროექტო თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებს;

2. აქვთ მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;

3. აქვთ გამჭვირვალე საბუღალტრო სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. არ აქვთ დავალიანება. ნებისმიერი ვალი სახელმწიფოს ან სხვა პირის წინაშე. არსებობის შემთხვევაში, უნდა იყოს ჩამოწერილი/ანაზღაურებული, ან ვალის დაფარვა უნდა მოხდეს საიას გრანტის პირველი ტრანშის მიღებამდე;

5. პროექტზე მომუშავე პირების კომპეტენცია შეესაბამება განსახორციელებელი პროექტის სირთულეს.

პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არ აქვთ უფლება, იყვნენ პროექტის დირექტორები, ან/და პროექტიდან მიიღონ ანაზღაურება. 

როგორც სიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, ქვე-გრანტიორმა უნდაწარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და პროექტის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროექტისუშუალო ხელმძღვანელს.

საგრანტო განაცხადების წარდგენის პროცედურები 

საგრანტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება  ელექტრონულ მისამართზე : gyla@gyla.ge.

საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:   

1. საგრანტო განაცხადი – შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის ბიუჯეტი (თანდართული ფორმატის მიხედვით);

2. ორგანიზაციის წლიური ანგარიში (ფინანსური და ტექნიკური) – ასეთის არსებობის შემთხვევაში;

3. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივ თვითმმართველობებთან ან სახელმწიფო ინსტიტუტებთან  თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციების თანხმობის წერილები;

4. ორგანიზაციის უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან http://www.reestri.gov.ge/);

5. ორგანიზაციის უახლესი შედარების აქტის ასლი (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან www.rs.ge);

6. ორგანიზაციის შიდა რეგულაციები;

7. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს რამდენიმე ორგანიზაცია ერთად წარმოადგენს, საია, იტოვებს უფლებას,  თანდართული დოკუმენტები მოითხოვოს ყველა ორგანიზაციაზე.

წარმოდგენილი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • პროექტის აღწერა (35%)
  • გუნდი (30%)
  • ხარჯების გონივრულობა (25%)
  • მონიტორინგისა და შეფასების გეგმა (10%)

წარმოდგენილ საგრანტო განაცხადებს საია გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა. სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში.

საგრანტო პროგრამის ვადები

კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება 09  ივლისი,  2020
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის  ბოლო ვადა 13  ივლისი, 2020
საიას მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის  ბოლო ვადა 16  ივლისი, 2020
საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 20 ივლისი 2020, 18:00 სთ
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების თარიღები შეიძლება შეიცვალოს

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

სააპლიკაციო ფორმა:

1. განაცხადის ფორმა 

2. ბიუჯეტის ფორმა

სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია www.jobs.ge-დან, ან გაგზავნეთ მოთხოვნა, ელ. ფოსტის მისამართზე: gyla@gyla.ge-ზე.