ბათუმში მიმდინარეობს აქცია, სადაც მოქალაქეები ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მათ ქონება უკანონოდ წაართვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორია ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონე. დავით ანანიძე ქონების დაბრუნებას ითხოვს. აცხადებს, რომ ქონება წინა ხელისუფლების დროს შანტაჟის გზით უკანონოდ ჩამოართვეს.
„პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. სხვა პარტიიდან ვიყრიდი კენჭს და დამიჭირეს. მოგვთხოვეს ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონება დაგვეთმო. ხოფის ბაზრობის 51 პროცენტზეა საუბარი. სააკაშვილის მმართველობის დროს აზრი არ ჰქონდა დავას. მას შემდეგ არაერთხელ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, პრემიერ-მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ ავირჩიეთ ეს გზა”, – განაცხადა დავით ანანიძემ.
აქციაზე თვითდასაქმებულები და სავაჭრო ცენტრ „ჭოროხის“ ყოფილი მეპატრონეებიც იმყოფებიან, ისინიც აცხადებენ, რომ ქონება წაართვეს.
აქცია ბათუმის მერიიდან დაიწყო, მონაწილეები ახლა უმაღლეს საბჭოსთან იმყოფებიან, საიდანაც მთავრობის სახლთან გადავლენ.