წყალტუბოში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო

617

წყალტუბოში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო. მუნიციპალიტეტში კოლეჯის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.

მერიის ინფორმაციით, კოლეჯში პროფესიულ განათლებას 150 სტუდენტი მიიღებს. თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ექნება თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.

“პროფესიული სასწავლებლი აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, კეთილმოეწყობა სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად ტურიზმისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.