გორში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მერიამ ხელშეკრულება შპს “იბოლიასთან” გააფორმა. ეს კომპანია, როგორც ცნობილია, გორის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში ბოლო წლებში ხშირად იმარჯვებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პარლამენტარის კომპანიამ 833 000 ლარი მიიღო, რის საფუძველზეც გზების საფართან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის სამუშაოებს ასრულებს.
გასული წლებისგან განსხვავებით, გორის მერიამ იოსებ მაკრახიძის კომპანიასთან, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება წელს პირველად გააფორმა. განსხვავებით დეპუტატის ძმის, ალექსანდრე მაკრახიძის კომპანიისგან, რომელსაც გორის მერიამ წელს უკვე მეოთხრე ხელშეკრულება გაუფორმა. არცერთი მათგანი 100 00 ლარს (ერთადერთი გამონაკლისის, 53 000 ლარის გარდა) ქვემოთ არაა.
“არქმშენ სტუდია 2002” დეპუტატის ძმას, ალექსანდრე მაკრახიძეს ეკუთვნის, თუმცა, მას შემდეგ, რაც მან გორის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, სამართავად ეს კომპანია, ძმის მსგავსად, სხვას გადააბარა.
ბოლო ტენდერი, რაც გორის მუნიციპალიტეტში მოიგო, სუხიშვილის ქუჩაზე, შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას მოიცავს, რისთვისაც ადგილობივი ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო.
მთლიანობაში, ამ კომპანიას გორის მერიამ წელს 510 098 ლარი გადაურიცხა.