ავტორი: ჯაბა ანანიძე
„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე აფასებს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შვებულებაში წასვლას ირაკლი მელაშვილი. ის ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო სამზადისის ფარგლებში თავიდან იშორებს მერებს, რომლებსაც ან არ ენდობა, ან პოპულარულები არ არიან.
დღეს, 13 ივლისს ფეისბუქში პოსტი დაწერა და თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მერმაც. თუ ლაშა კომახიძეც გადადგება, ის იქნება მეექვესე არჩეული მერი, რომელიც გადადგა. არჩეული მერების გადაყენების თემაზე „ბათუმელებმა“ ირაკლი მელაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– ბატონო ირაკლი, რას აჩვენებს თქვენთვის ლაშა კომახიძის შემთხვევა? მას ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები დღეისთვის, პანდემიის შემდეგ ბიუჯეტის კორექტირებაც არ მომხდარა და წავიდა შვებულებაში.
ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება და ცდილობს, მისი შეფასებით ნაკლებად პოპულარული, ან არაპოპულარული მერები მოიშოროს ისე, რომ თვითმმართველობის კოდექსს ყურადღებას არ აქცევს. ეს ჩვეულებრივი ამბავია ამ სისტემაში და ლაშა კომახიძეც არაა პირველი მერი, რომელიც გადააყენეს. გადაყენებაა ეს ფაქტობრივად… მე როგორც ვხვდები, ლაპარაკია ძირითადად კვირიკაშვილის [ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ავტ] მიერ შერჩეულ კადრებზე, რადგან ყველა ის მერი, რომელიც წავიდა, კვირიკაშვილის მიყვანილ კადრად ითვლებოდა. ახლა კვირიკაშვილი „ლელოსთან“ დაახლოებულია და იფიქრეს, რომ მთლად სანდოები არ იქნებოდნენ.
მეორე საკითხია, რომ ეს მერები, რომლებმაც დატოვეს თანამდებობები, მაინცა და მაინც კარგი თვისებებით არ გამოირჩეოდნენ. მახსოვს ლაშა კომახიძე, როცა თვითმმართველობის სტრატეგია იყო ბათუმში, საკმაოდ ცუდად გამოვიდა და ისაუბრა არა როგორც მერმა, არამედ როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელმა. ის იყო წინააღმდეგი თვითმმართველობის უფლებების გაფართოების.