მესტიის სოფელ წვირმში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება

616

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება,

მათივე ცნობით, მსუბუქი კონსტრუქციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია შშმ მოსწავლეებისთვის. ამასთან, სასწავლო სივრცეებთან ერთად სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზოში კი – სარეკრეაციო სივრცე. გარდა ამისა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით.

„დღეს დავათვალიერეთ ზემო სვანეთის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი. ეს სკოლა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აისახება მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა მოსწავლეების წარმატებაზე. ამ სკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები არიან არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულები. მე ძალიან მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ ექნებათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა. აქ განთავსდება კომპიუტერული ლაბორატორიები და მოსწავლეებს ექნებათ ყველა პირობა სწავლისთვის. ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში მრავალი ახალი სკოლა შენდება, რადგან ჩვენს მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სსიპ –საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით და მისი ღირებულება 1.404 640 ლარს შეადგენს.