6 თვეში საქართველოში 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა

598

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება – დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს.

„6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, გარემოსდაცვითი სხვა სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა – 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 340, ქვემო ქართლში – 239, სამცხე-ჯავახეთში – 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.