ყოფილი ბაზრის ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული და ყურადღებას არავინ აქცევს, – ასე ფიქრობენ გურამიშვილის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები, რომლებიც ამ ადგილს ყოველდღიურად ხედავენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ობიექტი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გასხვისდა, ამჟამად ერთ-ერთ ბიზნესმენს, ისრაელის მოქალაქეს ეკუთვნის.
რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ადგილზე გასართობი ცენტრის მოეწყობოდა, თუმცა დღემდე აქ არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩატარებულა.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ კერძო საკუთრებაში რაიმე ცვლილების განხორციელებას კანონი არ აძლევთ, თუმცა ადასტურებენ, რომ წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი სივრცე ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.
“ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრესია. კომუნისტების დროს იყო მხოლოდ სახელმწიფო ბალანსზე და შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი გასხვისება. ბოლოს უცხოელმა ჩაიგდო ხელში. ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს მის მოწესრიგებაზე. კი ამახინჯებს ეს ტერიტორია ქალაქის იერსახეს, მაგრამ კერძო საკუთრებაში ჩვენ ვერ ჩავერევით”, – ამბობს გორის მერი კნსტანტინე თავზარაშვილი..
ამჟამად, ყოფილი ბაზრის ტერიტორია შემოღობილია. როგორც გორის მერი ამბობს, ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ იერსახის ნაკლებად დამახინჯებისთვის შეძლო.
“ჩვენმა ზედამხედველობის სამსახურმა რამდენჯერმე დააჯარიმა, ნაგავი და ნანგრევები ეყარა. არ იხდიან არც ამ ჯარიმებს, გვეუბნებიან, არ გვაქვსო. კანონი არ გვაძლევს უფლებას, რომ რამე შევცვალოთ ამ ობიექტთან დაკავშირებით. ეს ტერიტორია შემოვღობეთ, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, არც ამას არ აკეთებდნენ. იცით, რომ იქვე ახლოს ტურისტული მიმართულებით ეწყობა ღია სივრცე და მართლაც ამახინჯებს ასე უპატრონოდ დატოვებული ობიექტი მიმდებარე ტერიტორიას”, – ამბობს გორის მერი.