„თავისუფალი საქართველო“: „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ 359 500 ლარის ავტომანქანებში გაფლანგვას აპირებს

1181

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება.

პარტიის ცნობით, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, სააგენტო 3 სხვადასხვა ტიპის 2019 წლიან ექსპლუატაციაში არ ნამყოფ, ახალი ავტომაქნანების შეძენას აპირებს, კერძოდ 3 მსუბუქი ფურგონიანი ავტომანქანის, 2 მსუბუქი ჰიბრიდული ძრავის ავტომანქანისა და 2 სატვირთო ფურგუნის. „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ტენდერების საერთო ღირებულება 359 500 ლარს შეადგენს.

„იმ პირობებში, როდესაც საერთოდ ეჭვს იწვევს სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ საქმიანობის ეფექტურობა, ქალაქი გადავსებულია უყურადღებოდ მიტოვებული ცხოველებითა და ცხოველთა თავშესაფრები არ ფუნქციონირებს შესაბამისად, სააგენტო თანხებს არამიზნობრივ ფუფუნებაში ხარჯავს, ერთი შეხედვით ნორმალურია ფურგონების შეძენა, რომელიც „სავარაუდოდ“ ცხოველთა გადასაყვანადაა განკუთვნილი, მაგრამ გაუგებარია და ფულის ფლანგვაა 2019 წლის ახალი, ექსპლუატაცაიში არ ნამყოფ, ძვირადღირებულ ავტომანქანებში ფულის გადახდა, როდესაც ეკონომიკური კრიზისისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სიმწირის პირობებში, ბევრად იაფად -1/3 ფასში შესაძლებელია მეორადი ავტომანქანების შეძენა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს იგივე მიზნობრივობით. აშკარაა, რომ სააგენტო ორიენტირებულია ფუფუნებაზე და არა მისი უფლება – მოვალეობის ეფექტურად განხორციელებაზე. თუნდაც, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფურგონებზე, რომელიც ცხოველთა გადასაყვანადაა საჭირო, ნამდვილად ფუფუნებაა 2 მსუბუქი 2019 წლიანი ახალი ჰიბრიდული ავტომანქანის 125 000 ლარად შეძენა, რომელიც აშკარად კონკრეტული პირის კომფორტისთვის არის განკუთვნილი. „თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აღნიშნული ტენდერი, ხოლო ავტომანქანების შეძენა უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ასევე, არ არის აუცილებელი, ავტომანქანა იყოს 2019 წლის ბოლო მოდელი. ხოლო, სააგენტოს ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხა უნდა მოხმარდეს თავშესაფრებსა და პრობლემის მოგვარებას,“- ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.