თელავის სოფელ იყალთოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

818

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, მათ სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, რის გამოც მისი რამდენიმე კილომეტრიდან მოტანა ხშირად ფეხითაც უწევთ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდა წყლის სიმცირისა, სოფელში არსებული წყლის სათავე ნაგებობა არ არის მოწესრიგებული, რის გამოც შესაძლოა სასმელი წყალი დაბინძურდეს.

“წყალი იშვიათად მოდის, ისიც ძალიან ცოტა. ამ სიცხეში წასვლა გვიწევს შორ მანძილზე და საჭირო რაოდენობის წყლის მოტანა ხშირად ხელით. გარდა ამისა, წყლის სათავე ნაგებობა არ არის მოწესრიგებული, ცუდ მდგომარეობაშია და მარტივად არის შესაძლებელი რამე ჩავარდეს შიგნით და წყალი დაბინძურდეს. ამიტომ აუცილებელია მერიამ ამ საკითხის მოგვარებაზე იმუშაოს და მოახდინოს სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რათა დაცული იყოს სისუფთავე’’,– ამბობენ სოფელ იყალთოში მცხოვრებლები.

საკითხის დროულად მოგვარებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“.

ორგანიზაციის კახეთის ოფისის ხელმძღვანელის გიორგი ბიძინაშვილის თქმით, აღნიშნული მოთხოვნით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობას” აქვს სამოქალაქო საბჭოები, რომლის მეშვეობითაც ვურთიერთობთ ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობასთან. ვახდენთ პრობლემების იდენტიფიცირებას და ვეხმარებით მათ ადვოკატირებასა და მოგვარებაში.

ასევე ვშუამდგომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. რაც შეეხება სოფელ იყალთოს, აქ წლებია რეგულარული სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას. გარდა ამისა, წყლის მომარაგების მთავარი მექანიზმი სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობაშია.

ჩვენი საბჭოს მეშვეობით შევიტანეთ განცხადება მერიაში და იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადებში გადაწყდება ეს პრობლემა.

ვფირობთ, აუცილებელია გაკეთდეს დამატებითი სიღრმითი ტუმბო, რათა არსებული სისტემა გამართულად მუშაობდეს. თუმცა, ეს მაინც არ არის საკმარისი, რომ მოხდეს სოფელ იყალთოს მთლიანი დასავლეთ ნაწილის უზრუნველყოფა რეგულარული სასმელი წყლით.

ამ საკითხის მოგვარება აუცილებელია, რადგან წყლის რეზერვუარი ნაწილობრივ ღიაა და წვიმის დროს ნებისმიერი ნაგავი შეიძლება მოხვდეს წყალში’’, –განაცხადა გიორგი ბიძინაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ აქვთ ინფორმაცია და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მერის პირველი მოადგილის, დავით ბეგიაშვილის ინფორმაციით, სოფელში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ წერილობით უკვე მიაწოდეს ინფორმაცია.

“იყალთოში წყლის დებეტმა იკლო, სწორედ ამან გამოიწვია პრობლემები. შესაბამისად მერიამ დაგეგმა სამუშაოები პრობლემის მოსაგვარებლად.

ამ დროისთვის სოფელში შეძენილია ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობის პროექტი. ერთის ღირებულება 147 ათასი ლარია, მეორესი კი 131 000 ლარი. აღნიშნული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შესაბამისად იყალთოს სხვადასხვა უბანში მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და წყლის პრობლემაც მოგვარდება’’,– განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.