,,გორში წმინდაწყალზე სადრენაჟე სისტემის დაწრეტის შემდეგ მიწების გასხვისება დაიწყება”

431

ნახევარი მილიონი ლარი იხარჯება იმის გამო, რომ გორში სარწყავი არხის სისტემა მოეწყოს. ამ სისტემით მერია ქალაქში იმ წყალს გაანაწილებს, რომელიც წმინდაწყალზე მდებარე, აწ უკვე გაუქმებული, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის ქვეშაა დაგროვებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

კომპანია “ემბისის” დასკვნის მიხედვით, გაუქმებული სათავე ნაგებობის ქვეშ წყალი თითქმის 18 ჰექტარზეა დაგროვებული. სადრენაჟე სისტემის ზევით, მიწის დიდი ნაწილი გასასხვისებელი. აშენებული სახლები კი, დასარეგისტირებელია.

ჩვენი წყარო, რომელიც გორის მერიაში რამდენიმე წლის წინ მუშაობდა, ამბობს, რომ სწორედ მიწის ქვეშ დაგროვებული წყლის გამო, თვითნებურად აშენებული შენობების მეპატრონეებს ქონებას არ ურეგისტრირებდნენ. ამასთანავე, ირკვევა, რომ მიწა, რომლის ქვეშაც წყალია დაგროვებული, ბევრს სურს.

“წყლის ხარისხი კარგია, მაგრამ იმის გამო, რომ სათავე, ქალაქის გაზრდის გამო, მოექცა ურბანულ ტერიტორიაზე, სანიტარული ნორმატივებიდან გამომდიბარე, აღარ შეიძლება იქნას გამოყენებული სამელად. ამას გარდა, მუდმივად ბინძურდება სამხედრო ნაწილის ჩამონადენი საკანალიზაციო წყლებით. მას შემდეგ, რაც მისი სასმელად გამოყენება აიკრძალა, სათავე ნაგებობას მოეხსნა დაცვა და გახდა ყველასათვის ხელმისაწვდომ ტერიტორიად. მოსახლეობამ დაიწყო ამ ტერიტორიების უნებართვო მიტაცება, ზოგიერთი იყენებდა საძოვრად, ზოგი იშენებდა უნებართვო საცხოვრებელს, იმის გამო რომ ტერიტორია ეკუთვნოდა წყლის კომპანიას, მასზე რაიმე სახის დაცვითი ან სხვა სახის ხარჯების გაღება მუნიციპალიტეტებს ( არც ქალაქის და არც თემის) არ შეეძლო, ამ ხარჯების არამიზნობრივობის გამო. იგივე მიზეზით მუნიციპალიტეტი ვერ ახდენდა ტერიტორიების მიტაცების პრევენციას,” – აღნიშნავს გორის მერიის ყოფილი თანამშრომელი.

გორის ადგილობრივი ხელისუფლება, წმინდაწყლის ტერიტორიის თვითნებურად დაკავების გამო, ცენტრალური ხელისუფლებას სისტემატიურად ატყობინებდა.

“სათავე ნაგებობაზე არ ჩატარებულა რაიმე სახის ტექნიკური ღონისძიება. შესაბამისად წყლის შემკრები ნაგებობა ისევ ახდენს წყლის შეგროვებასა და ეს წყალი, სათავე ნაგებობიდან არ იხარჯება. არსებობს მიწისქვეშა წყლის საცავი, რომელიც მუდმივად სავსეა. დაგროვებილი წყალი უქმნიდა პრობლემას წმინდაწყლის დასახლებას. იმის გამო, რომ მიწისქვეშა წყლების დონე იყო აწეული და ხშირ შემთხვევაში ეს იყო მიზეზი სარდაფების დატბორვისა, გრუნტი გაჟღენთილი იყო წყლით და ჭარბი ნალექების მოსვლის დროს ვეღარ იღებდა ზედმეტი წყლის მასას შესაბამისა დასახლების დაბალი ადგილები იტბორებოდა. რაც დამატებითი პრობლემა იყო, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე მუნიციპალიტეტისათვის,” – აღნიშნავს მერიის ყოფილი თანამშრომელი.

გაირკვა ისიც, რომ წელს სათავე ნაგებობა გორის მერიას გადაეცა, რაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორი გადაწყვეტილებაა. ამის შემდეგ, მერიამ გადაწყვიტა, რომ წმინდაწყლის ტერიტორია მიწისქვეშა წყლებისგან გაეთავისუფლებინა.

“ჯერ ერთი ქალაქს არ აქვს ტექნიკური წყალი. მეორე – მას მერე, რაც სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევა, სათავეზე დაეცემა წყლის დონე და წმინდაწყლის დასხლებისათვის რადიკალურად გამოსწორდება სიტუაცია. სარდაფებში წყლის შემოსვლისა და მოსალოდნელი წყლით დატბორვის თვალსაზრისით. მესამე ქალაქს ( უმეტეს ნაწილში) ექნება საკუთარი პრაქტიკულად უფასო) ტექნიკური და სარწყავი დანიშნულების წყალი. რაც ძალიან წაადგება ინფრასტრუქტურას,” – აღნიშნავს სპეციალისტი.