სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.
შეხვედრის მიზანია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინადადების – პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივის გაცნობა.
როგორც ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ განუცხადა, იმის გამო, რომ პარტიების დაფინანსება წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან რეზონანსული საკითხია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უკვე მესამე არჩევნებია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ქმნის კომისიას.
“ამ კომისიის მიზანია, რომ აუდიტის სამსახურმა მიაწოდოს პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ასევე, ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ასევე დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია, მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და შესაძლო დარღვევებთან მიმართებაში, რათა დროულად მოხდეს ჩვენი მხრიდან ამ ფაქტების შესწავლა და რეაგირება. დღევანდელი შეხვედრის მიზანია სწორედ ამ კომისიის შექმნა და კომისიის ახალ წევრებს გავაცნობთ ჩვენ საქმიანობას. ჩვენ ვიწვევთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ვისაც აქვს არაპარტიული დაკვირვების გამოცდილება და ექსპერტიზა საარჩევნო მონიტორინგის თვალსაზრისით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
აღნიშნულ შეხვედრაზე საკონსულტაციო საინფორმაციო კომისიის შექმნის საკითხთან ერთად ასევე განიხილავენ აუდიტის სამსახურის რეგულაციებში ცვლილებების პროექტისა და შემოწირულობების მიმდინარე მონიტორინგის შესახებ.
წყარო: ინტერპრესნიუსი