გიგი უგულავა თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად ოპოზიციური პარტიების მიერ პრაიმერის ჩატარებას „წყლის ნაყვად“ მიიჩნევს

585

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად ოპოზიციური პარტიების მიერ პრაიმერის ჩატარებას წყლის ნაყვად მიიჩნევს და ოპოზიციას შემხვედრ წინადადებას სთავაზობს.

უგულავას თქმით, რაც მეტი წონადი ოპოზიციური კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო მაღალია შანსი, რომ სახელისუფლო კანდიდატი 50%-ს ვერ დააგროვებს.

„თბილისის მერის არჩევნები ითვალისწინებს 50%-იან ბარიერს, ამიტომ ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. პირველი ტური არის სწორედ პრაიმერი. რაც უფრო მეტი წონადი კანდიდატი იქნება, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ 50%-ს ქვევით იყოს სახელისუფლო კანდიდატი, რომელიც, თავის მხრივ, გამოიყენებს ძალას, ფულს და ადმინისტრაციულ რესურსს. პირველი ტური არის სწორედ მოსინჯვა, ვინ არის კონკურენტული კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენი შემხვედრი ინიციატივა არის ის, რომ ოპოზიცია უნდა შევთანხმდეთ, რომ ვინც გავა მეორე ტურში, იმას დავუჭიროთ მხარი. ყველანაირი პრაიმერი არის წყლის ნაყვა და ბუნებრივია, ჩვენ წყლის ნაყვაში მონაწილეობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – ”ახალი საქართველო”, ”ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ”ევროპელი დემოკრატები” და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” – გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი